გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

28/11/2016

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გიორგი გახარია სამინისტროს თანამშრომლებს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. „მე მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას ახალ პოსტზე. ეკონომიკის სამინისტრო დღეს არის მნიშვნელოვანი, კარგად გამართული, სწრაფი მოქმედების ინსტიტუტი, ეს არის უწყება, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და აღსრულდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ხელში ეს ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდნენ. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ნამდვილად სიამაყის საბაბია, ვიყო ამ გუნდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0