საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ანალიტიკურმა დეპარტამენტმა − „ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეცხრამეტე სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ ფორუმთან ერთად განიხილა მთავრობის მიერ დამტკიცებული მესამე სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების ეტაპები დაგეგმა. გარდა ამისა, სამდივნომ ფორუმს სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განრიგი გააცნო.
ფორუმმა იმსჯელა ღია მმართველობის გლობალურ სამიტზე, რომელიც დეკემბერში პარიზში გაიმართება. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გლობალურ სამიტზე დასამტკიცებელ პარიზის დეკლარაციას, რომელსაც საქართველოს მთავრობა და, სურვილისამებრ, არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან.
ფორუმის სხდომის ბოლო ნაწილში ფორუმმა „IRM“-ის („OGP“-ის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი) შეფასების ბოლო ანგარიშის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელა.
„ღია მმართველობა საქართველოს“ მესამე (2016-2017 წწ.) სამოქმედო გეგმა მთავრობამ 11 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა. გეგმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 70 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად, შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი WWW.MY.GOV.GE.
საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს; ხოლო 2016 წელს, მმართველი კომიტეტის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველო ღია მმართველობის თანათავმჯდომარე გახდა.
საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.
„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეცხრამეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19/11/2016