ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, აზრთა ჭიდილი, არგუმენტების მოსმენა, გაზიარებაც და, მთლიანად, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა იმ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროცესების კონსტრუქციულ ჭრილში წარმართვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს განცხადება მმართველ გუნდს წინასაარჩევნო პერიოდშიც არაერთხელ გაუკეთებია.
“ჩვენ, ჩვენი მხრიდან, პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ პოლიტიკურ პროცესს უნდა მისცეს საშუალება, რომ ის წარიმართოს სწორედ ასეთ, კონსტრუქციულ ჭრილში. ეს მხოლოდ გამოადგება ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას სტაბილურობის განცდა და პოლიტიკური პროცესი იყოს ნორმალურ კალაპოტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა დეპუტატებს პარლამენტში არჩევა მიულოცა და ასევე წარმატებები უსურვა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც მისი შეფასებით, კვალიფიციური და სამართალმცოდნეობაში საკმაოდ გამოცდილია და უკვე აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილებაც.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე წარმატებით გაართმევს თავს იმ ურთულეს საქმეს, რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსთან.
“მინისტრებიც ითანამშრომლებენ და მეც არაერთხელ მიხილავთ პარლამენტში” – ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.
მედიის წარმომადგენლებმა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს კითხვა საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზეც დაუსვეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება პირველი რიგის ამოცანა არ არის; ეს დაახლოებით ერთწლიანი პროცესია, რომელშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა.
“ბუნებრივია, პრეზიდენტიც ალბათ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. მაგრამ ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო და მათ შორის, საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. არ მინდა, ახლა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაც დაპირისპირება ხდება. არავითარ შემთხვევაში. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს დღემდე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს მივიღებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი
18/11/2016