DCFTA-ის საკითხების განხილვა წინანდალში გაიმართა

14/11/2016

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევროკავშირის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორის და ევროკავშირთან ასოცირების მხარდამჭერი პროგრამის წარმომადგენლებმა DCFTA-ის განხორციელებაში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ გახსნეს. ღონისძიების მოდერატორმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ DCFTA-ის ჭრილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებებით არსებული ვალდებულებების განხორციელების ღონისძიებებზე ისაუბრა. „DCFTA -ის კონტექსტში, ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებათა უმთავრესი ელემენტი სურსათის უვნებლობის სისტემის სრულფასოვანი ამოქმედებაა. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად მიმდინარეობს იმ ვალდებულებების შესრულება, რამაც ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე შეუფერხებელი გასვლა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროპულ საკანონმდებლო ბაზასთან, შესაბამისი სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების განახლება, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვა და მოქმედი პროფესიონალი კადრების ხელშეწყობა სტაჟირება-გადამზადების გზით. გამკაცრებულია ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები, ასევე გამკაცრებულია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს აქვს რეალური პერსპექტივა აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. DCFTA -ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გახსნილია მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, რაც ჩვენი კერძო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე გაკეთდა. დიალოგის რეჟიმში მონაწილეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაზე, დარგობრივ პოლიტიკაზე, განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს იმსჯელეს. ღია დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნა პლატფორმა, სადაც მხარეები, წარმატებულ ისტორიებთან ერთად, საწარმოებში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც იმსჯელებენ. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა, რამაც ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნა და DCFTA -ის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში კერძო სექტორის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს. 2016 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმართვას. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული. ღონისძიებაში 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საქმიანობის სფეროს, ძირითადად, სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0