საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შრი აშოკ გაჯაპათი რაჯუსთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მთავრობამ მიანიჭა ბატონ რაჯუს განსაკუთრებული უფლებამოსილება, რათა მან გამართოს ქართულ მხარესთან მოლაპარაკები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ინვესტიციების, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს მ.წ. 25-26 ივლისს ქ. თბილისში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების და საქართველო-ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მხარეებს შორის ნაყოფიერი მუშაობის გაგრძელებას, როგორც აღნიშნულ ფორმატებში, ასევე საპარლამენტო და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების უახლოეს პერიოდში გაფორმების აუცილებლობის შესახებ. მხარეებმა ასევე დააფიქსირეს სურვილი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტის მომზადების მიზნით, დაიწყოს შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების კვლევის პროცესი. ინდოეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შრი აშოკ გაჯაპათი რაჯუმ და ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ინდოეთს შორის სამოქალაქო ავიაციის საკითხებში თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ განზრახულობათა მემორანდუმს.
მიხეილ ჯანელიძე ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შეხვდა
10/11/2016