სეს-ი სამოქალაქო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს

09/11/2016

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“ მე-8 სხდომა გაიმართა სასტუმრო „ბომონდ გარდენში“. დარბაზის წევრებმა პესტიციდებისა და აგროქომიკატების რეალიზაცია-მოხმარების, ვეტერინარიასა და სურსათის უვნებლობაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ყურადღება სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე გაამახვილა. „ეს არის თანამშრომლობის ეფექტიანი და მოქნილი ფორმატი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას. ჩვენ ვიმსჯელეთ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფისთვის.აგრეთვე მნიშვნელოვანია დარბაზის წევრების დაინტერესება იმ ღონისძიებებით, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. “ – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა. სამოქალაქო დარბაზის სხდომას არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სამოქალაქო დარბაზის წევრები მუშაობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ, რომელიც დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. „სამოქალაქო დარბაზი“ – სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონსულტაციო ორგანო 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. მასში გაერთიანებული არიან მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. სამოქალქო დარბაზის სხდომები კვარტალში ერთხელ იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0