შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია ინდოეთში, ქალაქ ნიუ დელიში, ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიწვევით, კატასტროფების რისკების შემცირების აზიის მინისტერიალს დაესწრო, რომელშიც 44 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მინისტერიალის ფარგლებში, მერაბ მალანია სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მთავრობის სახელით, სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულებით განსაზღვრული პრიორიტეტებისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა. მინისტრის მოადგილემ, ასევე, საქართველოს მიერ სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულების ფორმატში მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს რეაგირებაზე ორიენტირებული მიდგომები ჩაანაცვლოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომებით, ვინაიდან ღრმად გვწამს, რომ სწორედ პრევენცია და საფრთხეების თავიდან აცილების მექანიზმების დანერგვა უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას. მიმდინარე წელს გამოვედით უწყებათშორისი ინიციატივით, რომლის რეალიზებაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ადრეული შეტყობინების საერთო, ინტეგრირებული პლატფორმის შექმნას. ამ მიზნით, შსს-ში შეიქმნება უწყებათშორისი ინფორმაციის ინტეგრირებული ბაზა, რაც საშუალებას მოგვცემს, დროის რეალურ რეჟიმში მივიღოთ და გავაანალიზოთ შესაბამისი უწყებებიდან შემოსული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოვახდინოთ რეაგირება. მოგეხსენებათ, მოსახლეობის დროული ინფორმირება და კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის შესამცირებლად“,- განაცხადა მერაბ მალანიამ. კონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძოძუაშვილი.
შს მინისტრის მოადგილემ აზიის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
07/11/2016