სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალის – „ბულბული მარკეტი“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ნოდარ კერესელიძემ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფესტივალის ორგანიზატორს -ღვინის ტურიზმის ასოციაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალების ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე აგროტურიზმის განვითარებას. ,,ღვინის ტურიზმის და აგროტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მსგავსი სახის ღონისძიებები კარგი საშუალებაა საოჯახო, მცირე მარნებისა თუ მეურნეობების პოპულარიზაციისთვის, რაც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია. ღვინისა და გასტრონომიული კულტურის ფესტივალში „ბულბული მარკეტი“ 50 -მდე საოჯახო მარანი და კვების ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ფესტივალი ,,ბულბული მარკეტი”
05/11/2016