ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე მოკავშირისთვის, თუმცა ხედავს რუსეთს, რომელიც მზად არის საკუთარი მეზობლების, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველე“-ს გადაცემა DW Conflict Zone-ვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ევროპა უსაფრთხოების კუთხით ახლა რთულ სიტუაციაშია, თუმცა არსებული ვითარება „ცივი ომი“ არ არის.
„ჩვენ ცივი ომის პირობებში არ ვართ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ აღარ არსებობს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბლოკი. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში არსებული დღევანდელი ვითარება უკავშირდება გამოწვევებს – ჩვენ არ გვაქვს პარტნიორობა, რომლის დამყარებასაც ცივი ომის შემდეგ ვცდილობდით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო პოტენციალი და სწორედ ამიტომ, ნატო-მ, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ჯარების განლაგებით, ცივი ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების უპრეცედენტო ზომები მიიღო.
„ჩვენ სამჯერ გავზარდეთ ნატო-ს სწრაფი რეაგირების ჯარების რაოდენობა 40 000 სამხედრომდე და შევქმენით გაერთიანებული ოპერატიული ძალები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო მზად არის, ჯარების გადასროლა უმოკლეს ვადებაში მოახდინოს.
„ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე მოკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მზად არის, საკუთარი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.