რა თქმა უნდა, საფუძვლიანია საუბარი ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის მიესალმება თუ კობახიძის კანდიდატურა დასახელდება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
”მას ჩემი ხმა ექნება მყარად და ერთმნიშვნელოვნად მე მას მხარს დავუჭერ”, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება მთავრობის წევრების დაკომპლექტებას, ხუნდაძის განმარტებით, ეს არის უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა.
”მე, რა თქმა უნდა, ამაში გადაწყვეტილების უფლება არ მაქვს და პრემიერს მე აბსოლუტურად ვენდობი. რა თქმა უნდა, ჩემი მხარდაჭერა აქაც იქნება. რაც შეეხება პარლამენტში კომიტეტების და სხვა თავმჯდომარეების თანამდებობების გადანაწილებას, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
თავად მის მომავალთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები იქნება, თუმცა თუ ისევ შესთავაზებენ ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობას, უარს არ იტყვის.
”ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული კომიტეტი იყო ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და მე ვფიქრობ, რომ დღეს უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ვიდრე მქონდა მანამდე. თუ მექნება შემოთავაზება, უარს არ ვიტყვი”, – განაცხადა ხუნდაძემ.