ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. „მეორე ტურის არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში პროცესი განხორციელდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა. „მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, ვინაიდან მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის. მათ დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ პირველ რიგში მაღალ დონეზე მომსახურებოდნენ ამომრჩეველს და პროფესიულ დონეზე უზრუნველეყოთ არჩევნების ორგანიზება. მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან მათ ჩვენთან ერთად ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე 30 ოქტომბრის 22:00 სთ-იდან დაიწყო შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება ვებ-გვერდზე – results.cec.gov.ge. უშუალოდ ცესკოში მიმდინარე შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლირება ხორციელდებოდა ცესკოს საიტის და სოც.ქსელების მეშვეობით და რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა ამ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. 30 ოქტომბრის 24:00 სთ-ისთვის კი ცესკოს ოპერატორების მიერ დამუშავებული და დათვლილი იყო შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი (1250 უბნის მიხედვით). პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის და ასევე ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარ შედეგები ყველა, – 50 მაჟორიტარული ოლქის მიხედვით (2229 საარჩევნო უბნიდან) გააცნო. მან მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია 30 ოქტომბერს გამართული ახალციხის მერის და გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის და ლაგოდეხსა და სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ. თამარ ჟვანიამ ისაუბრა საჩივრების შესახებაც და აღნიშნა, რომ 30 ოქტომბერს არსებული მონაცემების მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია სულ 195 საჩივარი. “რა თქმა უნდა, საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა უნდა აღვნიშნო რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ პროცედურულ საკითხებს და უფრო მეტიც მათი ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხიმგებლობის ზომები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საჩივრების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, კანონშესაბამისად და ყველა პროცესის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მე-11 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიები მაჟორიტარულ ოლქებში შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, ხოლო ცესკო არაუგვიანეს მე-19 დღისა შეაჯამებს საბოლოო შედეგებს 8 ოქტომბრის არჩევნებისა და 30 ოქტომბრის მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ. არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ დეტალური მონაცემები იხილეთ ბმულზე – http://results.cec.gov.ge
არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები
31/10/2016