საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით დაინიშნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სააპელაციო საბჭოს წევრები. სააპელაციო საბჭოს შექმნით საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით ისარგებლონ გასაჩივრების ახალი პროცედურით, რომლის მიხედვითაც, მოხდება გადაწყვეტილებების შინაარსობრივი განხილვა და შეფასება.
სააპელაციო მექანიზმის დანერგვა წარმოადგენს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციას, რომელიც ასევე ასახულია იყო სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიულ გეგმაში. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებით საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან. აღნიშნული მექანიზმის დამკვიდრება ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის განვითარებასა და ამაღლებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას.