ლევან იზორია უწყების სამოქალაქო ოფისის ხელმძღვანელებს შეხვდა

25/10/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების სამოქალაქო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი თავდაცვის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის გაცნობა იყო.
ლევან იზორიამ ყურადღება ყველა დეპარტამენტის ინტეგრირებული მუშაობის აუცილებლობაზე, ანგარიშგებასა და მონიტორინგზე გაამახვილა და თანამშრომლებს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მინისტრმა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია და მთავარი აქცენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს, მართვის ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფების დებულების შესახებ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, შემუშავდა თავდაცვის განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შემადგენელი კომპონენტების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები. აღნიშნული პროცესის ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სამდივნო და დეტალურად გაიწერა მისი ფუნქციები.
ლევან იზორიამ მან დეტალურად ისაუბრა სტრატეგიულ მართვაზე, ძალთა ოპტიმიზაციაზე, ძალთა მზადყოფნის ამაღლებაზე, საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობისა და ინსტიტუციური სისტემების გაძლიერებაზე.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტუალური საკითხების განხილვაში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო სექტორიც. ნოემბრის დასაწყისში კი, ლევან იზორია საზოგადოებას 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საჯარო ანგარიშს წარუდგენს და უწყების სამომავლო გეგმებს გააცნობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0