ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნა. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა კონფერენცია, რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სხვადახვა სოფლის წარმომადგენლებმა სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გამოფინეს. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი: ,,გორდელაძეების ოჯახი,“ ,,რეხეული,“ ,,ლაზარე,“ „ურეკი,“ „ზენაარი“. დაჯილდოვდნენ ლიხაურში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. სპეციალური ჯილდო და სიგელები მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა. ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით საზეიმო ღონისძიებები 23 ოქტომბერს, 16:00 საათიდან დაიწყო, რომელიც “ქუჩის მუსიკოსებისა” და მომღერალ სოფო ბედიას გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული აღინიშნა
24/10/2016