მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების თარიღები

19/10/2016

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისა და ზოგიერთ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების თარიღები განსაზღვრა. ცესკოს გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 48 საარჩევნო ოლქში 2016 წლის 30 ოქტომბერს გაიმართება, ასევე 30 ოქტომბერს გაიმართება თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების – ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც. კომისიის გადაწყვეტილებით პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისათვის განმეორებით კენჭისყრა 22 ოქტომბერს დაინიშნა. განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები. დღესვე კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმადაც 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი, ასევე მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის პროპორციული სისტემის არჩევნებში საზღვარგარეთ 4 816-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე თბილისის საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის, ამავე საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიიდან შემდეგი პირები მოხსნა: №9 ქეთევან ქოჩორაშვილი, №10 გიორგი ჩაჩანიძე, №11 ალექსი თაბუაშვილი, №12 ნიკოლოზ ბაჩილავა, №13 თორნიკე ხუციშვილი, №14 ნინო ბაბუნიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0