ბათუმის პორტს საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ერი“ ეწვია. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ მიიღეს. დღესვე გაიმართება ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასა და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობასთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ბატონ ჟან-ივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილის გადაცემა. 19 ოქტომბერს, ეკიპაჟის წევრები ეწვევიან ბათუმის #2 საჯარო სკოლასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანკოფონ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. გარდა ამისა, ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს ყვინთვასა და აბორდაჟის ოპერაციაში. ხომალდის დათვალიერების მსურველთათვის გემი ღია იქნება ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 16:30-დან 18:00 საათამდე. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ხომალდი „პრემიერ მეტრ ლ’ერი“ ბათუმის პორტში 20 ოქტომბრამდე დარჩება.
საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი ბათუმის პორტს ეწვია
17/10/2016