საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის პრეზიდენტს სტუმრობისათვის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც, პრეზიდენტის განცხადებით, აუარესებს და ართულებს მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.
რეგიონში საქართველოს როლი, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხები იყო.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, მზადაა პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ევროინტეგრაციის სიკეთეები და გაუზიაროს მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსაც.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა.
საქართველოს პრეზიდენტი ყირგიზეთის პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა
13/10/2016