საპარტნიორო ფონდმა რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტი „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერებს გააცნო სასტუმრო „რიქსოს ბორჯომში“ „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერთა საერთო კრება გაიმართა. აქციონერთა კრებაზე მონაწილე მხარეებმა „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ წესდებაში შესატან ცვლილებებზე, სასტუმრო „რიქსოს ბორჯომის“ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე Rixos-ის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებზე და რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტზე იმსჯელეს. „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერთა კრებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ ხელმძღვანელი პირები და „რიქსოს ბორჯომის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ყაზახ პარტნიორებს რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტის დეტალები გააცნო. ბორჯომ-ლიკანის ტეიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი აფინანსებს. პროექტზე დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. „რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის“ საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის“.-აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“ საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის” ერთობლივი ინვესტიციით აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მლნ აშშ დოლარია. ხუთვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს.
რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტი „ბორჯომ ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციონერებს გააცნეს
13/10/2016