საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, აგრარულ სფეროში პროფესიული, უმაღლესი და სამეცნიერო მიმართულებით არსებული საკადრო და დარგობრივი კვლევითი საჭიროებების საკითხები განიხილა.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
განალებისა და მეცნიერების მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ფუნდამენტური ცვლილებები როგორც სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე სამეცნიერო მიმართულებებით.
მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია განისაზღვროს პრიორიტეტები, რაც შექმნის შესაძლებლობას, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხელშეწყობა სწორად იმ კონკრეტულ სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებზე იქნას მიმართული, რომელთა რეალური დეფიციტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც არსებობს.
„სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის შესაბამისი განათლების როლი ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენ ზუსტად უნდა გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან ერთად განვავითაროთ. უნდა განვსაზღვროთ ის პროფესიები, რომლებზეც უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მათი საჭიროების გათვალისწინებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, სოფლის მეურნეოება ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორიენტირებული იყოს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით დარგში არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა, რომელიც დღემდე ძალიან პროდუქტიული იყო, კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდეს. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს საგანმანათლებლო ნაწილში. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სფეროს პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.