ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიალს. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია. ის, რომ არატრადიციული ენერგეტიკული სფეროს განვითარებას ექცევა ყურადღება ძალიან კარგია. საქართველო ჩადგა იმ ქვეყნების რიგში, სადაც ქარის ენერგიას იყენებენ და ეს ენერგია მიმართული იქნება ეკონომიკისა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მიზნების განხორციელებისკენ. ქარის პირველი ელექტროსადგურის მდებარეობაც კარგია. ელექტროსადგური ჩანს ცხინვალიდან და ჩვენი მეგობრებიც უყურებენ იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენ დანარჩენ საქართველოში გვაქვს. ვფიქრობ, ბევრი ინვესტორი დაინტერესდება და მომავალში არა მხოლოდ ქარის, არამედ მზის ენერგიის გამოყენებაზე იზრუნებს. ახალი ტექნოლოგიები ჩვენი მომავალია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
ელექტროსადგურ “ქართლის” პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და `საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს.
ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.