სლოვაკეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას იმედოვნებს

04/10/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელთან პიტერ იავორჩიკთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან აღინიშნა, რომ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრებს შორის და თავჯდომარე ქვეყანა მუშაობს ყველა საჭირო პროცედურის წარმატებით და დროულად დასრულების მიმართულებით. პიტერ იავორჩიკმა გამოთქვა იმედი, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი განხილვა დადებითი შედეგით დასრულდება უახლოეს მომავალში და სლოვაკეთს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას მიეცემა მანდატი შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ვიზალიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რაც არაერთხელ ითქვა ევროკავშირის მხრიდანაც. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დროულად შემოღების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0