საქართველო ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა თვით მოციქულებმა იქადაგეს

30/09/2016

საქართველოს პრეზიდენტმა და რომის პაპმა პრეზიდენტის სასახლეში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და რომის პაპმა, პირისპირ შეხვდრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში 300-მდე მოწვეულ სტუმარს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს.

„თქვენო უწმინდესობავ!
ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო სტუმრებო,
მოგესალმებით,

უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას, რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოში ჩამობრძანებისათვის.
აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. სწორედ მისი თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება.
საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს.
თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის!
მომავალ წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვიზეიმებთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. პირველი ვიზიტი ვატიკანიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გაიმართა და მას შემდგომ ჩვენს შორის კულტურული და პოლიტიკური კავშირები ჩამოყალიბდა.
სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა, კათოლიკე მისიონერების მიერ., ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა.
საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულხან-საბა ორბელიანის მისიას ევროპაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე და კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფება.

საქართველო ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა თვით მოციქულებმა იქადაგეს. ამიტომაც არის ქართული ეკლესია სამოციქულო და ჩვენ, ქართველები, ვამაყობთ, რომ მრავალი სიწმინდე, რომელიც დაცულია ქართულ საგანძურებში, განეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც ქრისტიანული სამყარო ერთიანი და განუყოფელი იყო.
საერთო იდეალების დასაცავად ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიღო მსხვერპლი. თქვენ იმყოფებით თბილისში, 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში. საერთო ღირებულებებისათვის იბრძოდა ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში, ხოლო დიდგორის ბრძოლაში, ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო ევროპული ცივილიზაციის არამხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიცაა. ეს არის ოქროს საწმისის ქვეყანა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც კულტურათა დიალოგის, განსხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს.
სწორედ ამ მდიდარ კულტურასა და ზოდაგსაკაცობრიო ფასეულობებზე დაყრდნობით 25 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ეროვნული დამოუკიდებლობა და დაიწყო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვავითარებთ კავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი ამოცანაა გავაღრმავოთ სივრცე საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის ურთიერთობების, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის განვითარებას.
თქვენო უწმინდესობავ,
თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან!
ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში გავლებულია მავთულხლართები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობას უკრძალავს!
ჩვენგან სულ რაღაც 40-ოდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას!
ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს, ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის!
დევნილი მოსახლეობის დაბრუნება ჩვენი უპირველესი ამოცანაა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ადამიანები არ უნდა იტანჯებოდნენ და მათ უნდა დაუბრუნდეთ საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება.
პოლიტიკოსებს განსაკუთრებული მისია გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე: ჩვენ ვალდებულები ვართ, შევქმნათ პირობები ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და განვითარებისათვის. ეს მისია ვერ განხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევით და მეზობელი ქვეყნის ოკუპაციით! ჩვენ უნდა შევებრძოლოთ არა ერთმანეთს, არამედ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემულეებსა და საზოგადოების კეთილდღეობას ემუქრება.
ორ დღეში კაცობრიობა თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავს. ეს გაერთიანება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობითა და ჩართულობით გახდა შესაძლებელი. კაცობრიობამ მოახერხა ძალადობის გარეშე გადაეჭრა ურთულესი პოლიტიკური პრობლემა და აღედგინა ისტორიული სამართლიანობა.

ეს მაგალითი შთამბეჭდავია ჩემი ქვეყნისთვისაც და მე მჯერა, რომ საერთაშორისო ჩართულობით, ერთიანობით, არაღიარების მტკიცე პოლიტიკითა და აგრესიის დაუშვებლობით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობა ჩვენს რეგიონში.
გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოთმინების გზა, აუცილებლად მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე!
თქვენო უწმინდესობავ, თქვენი საქართველოში ჩამობრძანება კიდევ ერთი მოწოდებაა მშვიდობისაკენ. იმედი მაქვს რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონშიუსაფრთხოებისა დაკეთილდღეობის უზრუნველსაყოფად!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლებს რომის პაპმა მიმართა:

“ბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულნო ხელისუფალნო,
დიპლომატიური კორპუსის აღმატებულო წევრებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

მადლობას ვუძღვნი ყოვლისმპყრობელ ღმერთს, რომ შესაძლებლობა მომცა ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და სასიცოცხლო ურთიერთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც, მეოთხე საუკუნეში წმიდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული, ქრისტიანობაში ჰპოვა თავისი სიღრმისეული მეობა და საკუთარ ფასეულობათა მყარი საფუძველი. როგორც წმიდა იოანე პავლე მეორემ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას განაცხადა: “ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა” (დახვედრის ცერემონიისას წარმოთქმული სიტყვა, თბილისი, 1999 წლის 8 ნოემბერი. სწავლებანი XXII, 2 [1999], 841); და ამ მარცვალს კვლავაც მოაქვს თავისი ნაყოფი. მადლიერებით ვიგონებ რა ჩვენს შარშანდელ შეხვედრას ვატიკანში და იმ კეთილ ურთიერთობებს, რომლებსაც საქართველო მუდამ ინარჩუნებდა წმიდა საყდართან, გულითად მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, სასურველი მოწვევისათვის, იმ თბილი მისასალმებელი სიტყვისათვის, რომლითაც მომმართეთ სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მთელი ქართველი ერის სახელით.

თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში; ამავე დროს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს, ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა გასხვავებულ სამყაროთა შორის როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა. თქვენი ეროვნული ჰიმნიც ხომ ამაყად გვიცხადებს: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა”. სამშობლო მართლაც ხატია, მეობას რომ გვიყალიბებს, იერსახეს გვანიჭებს და ისტორიას გვისახავს. თავისუფალი, თუმცა არცთუ გადაულახავ კედლებად ცადაზიდული მთები კი ბრწყინვალებით აღავსებენ ხეობებსა და მინდორ-ველებს, ერთმანეთთან აკავშირებს მათ და, ამავე დროს, თავისებურად, ერთურთისგან განსხვავებულად წარმოგვიჩენენ თითოეულ მათგანს. ყველანი ერთად კი ერთ საერთო ცას უწყობენ ხმას, ზემოდან რომ დაჰყურებს და იფარავს მათ.

ბატონო პრეზიდენტო, 25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ პერიოდის მანძილზე, კვლავ მოპოვებული სრული თავისუფლების პირობებში, თქვენმა ქვეყანამ აღაშენა და განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახა საყოველთაო და ჭეშმარიტი განვითარების გზები. ყველაფერმა ამან დიდი მსხვერპლიც მოითხოვა, რომელიც ერმა ვაჟკაცურად გაიღო, რათა დაეცვა ასე ნანატრი თავისუფლება. გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლო საზოგადოების ყველა წევრს, რაც შექმნიდა სტაბილურ, სამართლიანსა და კანონისადმი პატივისცემით აღსავსე გარემოს, რომელიც უზრუნველჰყოფდა საზოგადოების ზრდას და ყველასათვის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნას.

ამგვარ ჭეშმარიტსა და მდგრად წინსვლას თავისი აუცილებელი წინასწარი პირობაც აქვს. ესაა რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცდება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის გასაკვალად კი იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი პრინციპები ქვეყნებს შორის კონკრეტულ, მოწესრიგებულ და მშვიდობიან თანარსებობას უნდა ემსახურებოდეს. მართლაცდა, მსოფლიოს უამრავ წერტილში, როგორც ჩანს, ის ლოგიკა ჭარბობს, რომელიც ართულებს კანონიერი განსხვავებებისა და უთანხმოებების (რომლებიც ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას) მოქცევას ცივილიზებული განსჯისა და დიალოგის კალაპოტში, სადაც გაიმარჯვებდა საღი აზრი, ზომიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა არცთუ იშვიათია ძალადობრივი ექსტრემიზმი, რომლებიც მანიპულირებს სამოქალაქო თუ რელიგიური პრინციპებით და ამახინჯებს მათ, რათა გაბატონებისა და სიკვდილის ბნელ გეგმებს დაუქვემდებაროს ისინი.

აუცილებელია, რომ ყველა ჩვენგანის გულებში უპირველესი ადგილი ეკავოს ადამიანის ბედს, ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით, მოთმინება და ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა უთანხმოება ძალადობაში არ გადაიზარდოს, ეგზომ რომ აზარალებს ადამიანსა და საზოგადოებას. ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ. საამისოდ კი, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება. ვისურვებდი, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადამიანების მდგომარეობა, ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები, თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი. აქ საჭიროა შორსმჭვრეტელობა და სიმტკიცე, რათა განვსაზღვროთ თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიკეთე ხალხთათვის, და გაბედულად და გონიერებით მივყვეთ მას. ამავე დროს მუდამ თვალწინ უნდა გვედგას ტანჯული ადამიანი, რათა თავდაჯერებით ვიაროთ მშვიდობის მშენებლობის ძნელადსავალ, მაგრამ მიმზიდველ და გამათავისუფლებელ გზაზე.

კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობს ამ მიწაზე და განსაკუთრებული ძალისხმევით მოღვაწეობს ადამიანის განმავითარებელ თუ საქველმოქმედო სფეროებში და მოზიარეა ქართველი ხალხის სიხარულისა თუ საფიქრალისა, სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობაში, აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო ხელისუფლებასა და საზოგადოებასთან. ვიმედოვნებ, რომ იგი კვლავაც შეიტანს თავის ბუნებრივ წვლილს ქართული საზოგადოების ზრდაში, ჩვენი საერთო ქრისტიანული ტრადიციების დამოწმების, უპოვართა სასიკეთოდ გაწეული ძალისხმევის გზით და უძველეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქვეყნის სხვა რელიგიურ საკრებულოებთან განახლებული დიალოგისა და განმტკიცებული ურთიერთობების მეშვეობით.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მომადლოს მას მშვიდობა და კეთილდღეობა!“ – განაცხადა მისმა უწმინდესობა რომის პაპმა.

საქართველოს პრეზიდენტის და რომის პაპის სიტყვით გამოსვლას პრეზიდენტის სასახლეში ესწრებოდნენ პრეზიდენტის ოჯახის წევრები თეიმურაზ მარგველაშვილი, მზეანა გომელაური, მაკა ჩიჩუა, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები დავით უსუფაშვილი, ნინო გვენეტაძე, ლევან იზორია, მიხეილ გიორგაძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, ლევან დავითაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ნოდარ ხადური, ტარიელ ხაჩიკაშვილი, გელა დუმბაძე, ქეთევან ციხელაშვილი, კობა გვენეტაძე, გიორგი ალიბეგაშვილი, რომის პაპის დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0