ბოლნისში ,,ერისიონის’’ სოლო კონცერტი მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა

29/09/2016

,,ქართული სულისა და ხელოვნების ზეიმი” – ასე შეაფასა ბოლნისელმა მაყურებელმა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მუსიკალური შოუ- პროგრამა. ,,ერისიონმა“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენა მოირგო და გრანდიოზული შოუ ,,ქართული საგანძური ‘’ გამართა. საათნახევრიანი პროგრამა ქართული ცეკვისა და მუსიკის შედევრებს მოიცავდა. ყველა საკონცერტო ნომრის შემდეგ დიდხანს არ წყდება მაყურებლის აპლოდისმენტი.
შესრულდა საქართველოს ყველა კუთხის ცეკვა და სიმღერა. ,,ერისიონმა” სიმღერის თანხლებით გააცოცხლა აფხაზური, მეგრული „ჩელა“, „ოდოია“, „ცხენოსნური“. ანსამბლის ცნობად სახეებთან ერთად სცენაზე მომავალი თაობა იდგა. დარბაზი მაყურებლებთან ერთად ემოციით დატვირთული დატოვეს ანსამბლის წევრებმა.
ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს ყოველწლიურად მართავს. „ერისიონის“ „ქართული საგანძური“ მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხეში ამოგზაურებს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ანსამბლი ბოლნისის შემდეგ სოლო კონცერტს რუსთავში და გურჯაანში გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0