შეხვედრა ესპანეთის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ეპტისას (EPTISA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან

28/09/2016

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ესპანეთის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ეპტისას (EPTISA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კომპანიის ჯგუფის ხელმძღვანელი ქრისტინა ვრედბერგი ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზიასა და მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნული პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ფინანსდება, მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განსახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრის, მომზადების, მართვის, ასევე, შესყიდვებისა და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით. ის რეგიონულ დონეზე ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი მართვის მიმართულებით, დაგეგმილია თანამშრომლების სწავლება და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დამონტაჟებაში, ასევე, სხვა ინსტრუმენტების განვითარება, როგორიცაა PCM (პროექტების გასაჩივრების მექანიზმი)-გვერდი, რაც რეგიონული კომუნიკაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0