ინგოროყვას კლინიკის ბაზაზე, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ახალი განყოფილებების გახსნის შესახებ ისაუბრა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის როლი გამოყო. “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებით, შესაძლებელი გახდა ასეთი კლინიკის გახსნა,”- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კი კლინიკის გახსნასა და ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ეს სერვისი დასჭირდებათ, ამისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა, აღარ მოუხდებათ. “კლინიკა, რომელიც დღეს გაიხსნა, ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ამ კლინიკის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო ჯანდაცვის ახალმა შესაძლებლობებმა, აქ პოტენციურად საფუძველი შეიძლება ჩაეყაროს ახალ დარგს, ახალ ტექნოლოგიას – ძვლის ტვინის გადანერგვას, რაც აქამდე საქართველოში არ კეთდებოდა. კლინიკა აღჭურვილია ყველა იმ პარამეტრით, რაც ამას შესაძლებელს გახდის. მიმდინარეობს სპეციალისტთა გადამზადება და მე იმედი მაქვს, რომ ქართველ პაციენტებს აღარ დასჭირდებაღ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა”- განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს.
დღესვე, კლინიკის ბაზაზე ბავშვთა რეანიმაციითა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახურებით, პედიატრიული განყოფილება გაიხსნა. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი სამსახურების გახსნის შედეგად დამატებით 110 ადამიანი დასაქმდა.
მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა გაიხსნა
28/09/2016