საპარტნიორო ფონდს ჩინურ კომპანიებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი აქვს გაფორმებული

28/09/2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გამართულ ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.

„საპარტნიორო ფონდს ჩინურ კომპანიებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი აქვს გაფორმებული და ბიზნეს გეგმებზე ვმუშაობთ. მათ შორის მინის ტარის წარმოების, ტექსტილისა და მანქანათმშენებლობის მიმართულებით. ჩინურ კომპანიებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვამუშავებთ ქართული ჩაის აღორძინების პროექტს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინური ინვესტიციების მხარდაჭერას და მათთან პარტნიორულ საქმიანობას “- განაცხადა ნათია თურნავამ

გამოფენაში მონაწილეობას 80-მდე ჩინური კომპანია იღებს. მათ შორის ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები, ასევე აგრო-სექტორი.

ღონისძიების პარტნიორები საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან. გამოფენა 2016 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა საქართველოში ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0