სოფელ ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

27/09/2016

იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
საზოგადოებრივი ცენტრები შენდება რაიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და საზღვრისპირა სოფლებში. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 სოფლის მოსახლეობას. 2016 წელს გაიხსნა 10 საზოგადოებრივი ცენტრი, ათამდე ცენტრის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია აწარმოებს. გახსნის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი ბარალეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0