შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა – „112“ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამი ახალი პროექტის: „მობილური აპლიკაცია“, „eCall Georgia“ და „პროგრამა საპატრულო ეკიპაჟებისთვის“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, თბილისის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. ამდენად, საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია ტექნოლოგიურ განვითარებაზე. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ მსოფლიოში არსებული საპოლიციო საქმის განვითარების ბოლო ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკას, ვახდენთ მათ დამუშავებას და ჩვენს გამოწვევებთან, ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებთან მისადაგებას.
„112“-ის საქმიანობა ძირითადად სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ამდენად, ცენტრის მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტებია. ეს პროექტები ბევრად მობილურს ხდის „112“-ის მომსახურებას და კიდევ უფრო მეტად ხდება მომხმარებელის ინტერესებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული“, – განაცხადა შინაგან საქმეთ მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა.
პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა „112“-ის ახალი პროექტების ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მიმდინარე წლის ნოემბრიდან „112“ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აამოქმედებს მობილურ აპლიკაციას, რომელიც მოქალაქესა და გადაუდებელი დახმარების ნომრის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. მობილური აპლიკაცია მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი და ამიერიდან იგი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. აპლიკაცია უფასოა, სამენოვანი და გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი საქართველოში ასევე ნერგავს ევროკავშირის ინიციატივით შემუშავებულ, საპილოტე პროექტს – eCall Georgia, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას, სატრანსპორტო საშუალებაში წინასწარ ჩამონტაჟებული სისტემის (In-Vehicle System, IVS) მეშვეობით, გადაუდებელი დახმარების ნომერზე ავტომატური განგაშის სიგნალის გაგზავნას გულისხმობს, ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით.
„112“-ის მესამე, ახალი პროექტი, ინფორმაციის ვიზუალური მიმოცვლის მიზნით, სპეციალურად საპატრულო ეკიპაჟებისთვის შეიქმნა. საპატრულო ეკიპაჟებში განთავსებულ პორტატულ კომპიუტერებში ჩაწერილი პროგრამა „112“-ში გადაუდებელი შემთხვევის შესახებ შესული შეტყობინების შესახებ ეკიპაჟის დეტალურ და მყისიერ ინფორმირებას უზრუნველყოფს. ანალოგიური პროგრამა უახლოეს მომავალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვისაც დაინერგება.
დასავლური სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული ახალი პროექტები „112“-ის მომსახურებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების დროს საგრძნობლად შეამცირებს და მოქალაქეთა უსაფრთხოების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
უახლოეს მომავალში ქალაქ რუსთავში ასევე დაგეგმილია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრის გახსნა. „ახალი თაობის 112“ მსოფლიოს საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ცენტრების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. თბილისის ცენტრთან ერთად, რუსთავის „112“ პარალელურ რეჟიმში იფუნქციონირებს და ზარებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში მიიღებს.