საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში “მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარებისთვის”

23/09/2016

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში “მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარებისთვის”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ სახელმწიფო სერვისების, ციფრული ადმინისტრირებისა და ღია მართველობის სფეროებში განხორციელებული რეფორმების თაობაზე. მან ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ წამოიწყო მდგრადი განვითარების მიზნების (2030 Agenda), მე-16 მიზნის განხორციელება, რომლის მიზანიცაა „ყველა დონეზე ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის“ პრიორიტეტიზაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილი რთული ვითარება. მისი განცხადებით, საქართველოს მიერ განვითარებისა და რეფორმებით მიღწეული პროგრესის სრულფასოვნად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გავრცელება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო ვერ ხერხდება. მან აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლარეთებითა და ხელოვნური ბარიერებით გახლეჩილი საზოგადოებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ჩართულობის თანმიმდევრული პოლიტიკით უზრუნველყოფს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ იმავე უფლებებითა და შეღავათებით, როგორც ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0