ნიუ-იორკში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა

23/09/2016

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის გახსნის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.

სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური და დარგობრივი ურთიერთქმედების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სუამ-ის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენების მიზნით ახალი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავების მნიშვნელობაზე.

მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი კომუნიკე და ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0