23 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები დავით ჯალაბაძე და გურამ ამირიძე.
თბილისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში არსებულ თითქმის ყველა სერვისს ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ჭოპორტის ინოვაციების ცენტრში მიიღებს. ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, პროგრამირება, დიზაინი, მეწარმეობა და ა.შ. ამასთან, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზეც. ტექნოპარკის ყველა პროექტი პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად, მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ამ ღონისძიებებს და მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. ჩატარდება დისტანციური ტრენინგები, რომელსაც სპეციალურად მოწვეული გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები გაუძღვებიან.
ჭოპორტის ინოვაციების ცენტრისთვის სამუშაო კადრები კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკში და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბორატორიებში.
ცენტრში მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ცენტრშივე დასაქმდნენ და იმუშაონ კომპანიებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ჭოპორტში ინოვაციების ახალი ცენტრი გაიხსნა
23/09/2016