დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

23/09/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს, დოქტორ პოლ სმიტს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი გეგმის მომზადებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის ცალკეული საკითხები განიხილეს. დავით ნარმანიამ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბჭოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომელიც ბაღს განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

დოქტორმა პოლ სმიტმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და ბოტანიკური ბაღის საჭიროებების კვლევისა და სტრატეგიის მომზადების პროცესში საერთაშორისო საბჭოს აქტიური ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი, დოქტორი პოლ სმიტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, 22-23 სექტემბერს, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მოწვევით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI-ის წევრია, ხოლო დროებით შეწყვეტილი წევრობის სტატუსი მას 2016 წელს განუახლდა. წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღი ჩართულია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. მათ შორის, მნიშვნელოვანია, იშვიათი ენდემური მცენარის – ქართული ნუშის პოპულაციების აღწერასა და თესლის ბანკის შექმნასთან დაკავშირებული პროექტი, რომელიც საბჭოსთან თანამშრომლობით ამჟამად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0