„დიდუბობა 2016“ გაიმართა

23/09/2016

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „დიდუბობა 2016“ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია/David Narmania დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან ერთად დაესწრო.
ყოველი წლის 21 სექტემბერს დიდუბელები ოჯახებსა და სამეგობრო წრეებში “დიდუბობის” დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც წარსულში დედის ღვთაებას, ქრისტიანობის შემოსვლიდან კი, დედა ღვთისმშობელს უკავშირდება.

„დიდუბობა 2016“-ის ფარგლებში მოეწყო ყვავილების, ფოტოხელოვანთა ნამუშევრების, ქართული ღვინის ნიმუშებისა და სოფლის ნობათის გამოფენა.
გაიმართა კონცერტი ,,ბასტი-ბუბუს“ სტუდიის აღსაზრდელების, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და კოკა ცქიტიშვილის ბლუზ – ბენდის მონაწილეობით. ასევე, წარმოდგენილი იყო რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მუსიკალურ- თეატრალიზებული შოუ – ქართული ლეგენდა, რომელიც საქართველოსა და დიდუბის ისტორიას ასახავდა.

დასკვნით კონცერტზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელ თემურ ჭკუასელს, ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძესა და საოპერო მომღერალ თენგიზ ზაალიშვილს „საამაყო დიდუბელის“ ტიტული მიანიჭეს. ასევე, დააჯილდოვეს დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კონკურსში გამარჯვებულები.

დავით ნარმანიას თქმით, „დიდუბობა 2016“-ის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
„მნიშვნელოვანია, რომ ტრადიცია გაგრძელდება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ეს დღესასწაული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„დიდუბობა 2016“ დიდუბის რაიონის გამგეობა / Didube Region-ის ორგანიზებით გაიმართა. მას ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0