საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამდივნოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

22/09/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამდივნოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა.
მექსიკის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ფრანცისკო დელ რიო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ უმასპინძლა.
მხარეებმა მიმოიხილეს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ისეთი როგორიცაა: ეკონომიკა, კულტურა, განათლება და სხვა. საუბრისას მხარეების მიერ დადებითად შეფასდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც კარგ საწინდარს ქმნის პრიორიტეტული მიმართულებებით ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად.
ზემოხსენებულ საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩამოყალიბებული წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ჩართულობას ლათინური ამერიკის რეგიონში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით. თავის მხრივ, მექსიკურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრისა და ჰაბის როლისა და ფუნქციის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ორივე მხარე დაინტერესებულია განავითაროს ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და ამ მხრივ, გამოიყენოს არსებული პოტენციალი.
პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის შეერთებული შტატების სამდივნოს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0