კარგი იქნება, თუ მშვიდობის მემორანდუმს ყველა ხელს მოაწერს

21/09/2016

ბიძინა ივანიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ მშვიდობის მემორანდუმს ყველა ხელს მოაწერს, თუმცა, მისივე თქმით, ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თვითონ ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მოთხოვნილება ჩნდება, არის ცუდი და მომავალში არ უნდა განმეორდეს.

„მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და ძირითადად მათივე აგრესიული გამოვლინებებია დაპირისპირება, როცა ერთი გუნდი ატარებს აქციას და მიდიან სხვები. როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით. ძალიან აქტიურობდნენ ე.წ. ზონდერები და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა შეხვედრა. დღევანდელი ხელისუფლება ჩემი აზრით, ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის, ცალკეული პროვოკაციები არის, არის სხვადასხვა პარტიებიდან, ძირითადად გასაგებია საიდანაც, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა და ეს ინიციატივაც შემთხვევითი არ არის“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პირველ რიგში ხელისუფლებაა ვალდებული, რომ არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირება.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღკვეთოს პროვოკაციები, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ნებისმიერ პროვოკაციაში, ვისგანაც არ უნდა იყოს ინსპირირებული, წინასწარ ხელისუფლება დავადანაშაულოთ. ყველა პარტია უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ მსგავსი არ მოხდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0