მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

21/09/2016

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან რიჩარდ სტენგელთან
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას. მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ და აღნიშნა რომ მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს გააცნო სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ ინფორმაცია მიაწოდა უწყებაში სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ერთეულის შექმნის შესახებ, რაც მისი განცხადებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კომუნიკაციების სფეროში შეერთებული შტატების მოწინავე გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესზე და აღნიშნა, რომ მრავალი საერთაშორისო რეიტინგით საქართველო წამყვან პოზიციაზეა მედია თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ კვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0