შს მინისტრის განცხადებაზე პასუხი არ უნდა იყოს ქილიკი, შაირიდან უნდა გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგზე

18/09/2016

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, პასუხი არ უნდა იყოს მარტო ქილიკი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თაობაზე შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, უნდა შევეცადოთ და ზეპირსიტყვიერი შაირიდან გადავიდეთ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგზე.

„მე ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები ხოლმე, როცა არის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები. ეს არ შეეხება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. მინდა გაგახსენოთ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა უკვე განცხადება და უკვე მერამდენედ. უმაღლესი თანამდებობის პირი – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა განცხადებას და რა რეაქცია იყო პოლიტიკური სპექტრისგან? – შაყირი, სკეპტიციზმი, ენამახვილი და ენაკვიმატი პასუხები იყო. ასეთი ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებაზე არაფერს ჩვენ არ გვმატებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ათასი გამოწვევა, მათ შორის საგარეო და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას, ჯობია, რომ დავუკვირდეთ, გავაანალიზოთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეთ ამა თუ იმ სიტუაციიდან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, იგივე პოზიცია შეუძლია დააფიქსიროს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასთან მიმართებაში.

„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, პასუხი არ უნდა იყოს მარტო ქილიკი. ჩვენ უნდა შევეცადოთ და ამ ზეპირსიტყვიერი შაირიდან გადავიდეთ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგზე. არ ჯობია, რომ ჩვენ გადავიდეთ ურთიერთობის უფრო ცივილიზებულ ფორმაზე და მაგალითად, დეტალურად გავიაროთ, რას გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრი?“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0