მე რომ მდომოდა ვყოფილიყავი რომელიმე პარტიასთან, აუცილებლად გვერდში დავუდგებოდი მას, რაღა საჭირო იყო პარტიის ჩამოყალიბება?! – ამის შესახებ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორსა და მას შორის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებას ეხებოდა, პასუხის გაცემისას პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერის გავრცელებაზე რეაქციები მისი აზრით არასწორი იყო, რადგან აქცენტი ჩანაწერის სკანდალურობაზე გაკეთდა.
”არც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” არც ”ქართულ ოცნებასთან” არცერთ შემთხვევაში არ ვიქნებით არავითარ კავშირში. მე რომ მდომოდა ვყოფილიყავი რომელიმე ამ პარტიასთან, აუცილებლად დავდგებოდი და გვერდში დავუდგებოდი, რაღა საჭირო იყო პარტიის ჩამოყალიბება?! მე ვფიქრობ ამ ჩანაწერის გავრცელებიაზე აქცენტი უნდა გაკეთებულიყო იმაზე, რომ გვისმენენ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკაში შემოსვლამდე ის ყველასთვის მისაღები ადამიანი იყო, თუმცა ვითარება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკაში შემოვიდა.
”ორი თვის წინ, სანამ პარტია ჩამოყალიბდებოდა მე ვიყავი უსაყვარლესი ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე განათლებული, ყველაზე საყვარელი და როგორც კი გამოვაცხადე, რომ პოლიტიკაში შემოვედი, გავხდი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ყველაფრის მკადრებელი. მე მზად ვიყავი, რომ ეს მომესმინა და მიმეღო, ოღონდ ჩვენს ქვეყანას ეშველოს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.