საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებს ასეთი შვილების გაზრდისათვის; ვიზიარებთ მათ ტკივილს. ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტი გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებში გადაასვენებენ.