მე საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას, თუმცა ნაკლებად აქტიური ვიქნები 4 წლის შემდეგ, რადგან საზოგადოება იქნება უფრო აქტიური და კარგად გააცნობიერებს ვის და როგორ მისცეს ხმა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში განაცხადა.
ივანიშვილი იმედოვნებს, რომ 4 წლის შემდეგ საზოგადოებას 3-4 პარტიას ურჩევს, თუ ვის დაუჭიროს მხარი.
”მე საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას, თუმცა ნაკლებად აქტიური ვიქნები 4 წლის შემდეგ, რადგან საზოგადოება იქნება უფრო აქტიური და კარგად გააცნობიერებს ვის და როგორ მისცეს ხმა. დიდი სურვილი მაქვს, რომ 4 წლის შემდეგ გამოვიდე, 3-4 პარტია დავასახელო და ვთქვა, რომ ამ პარტიებს ხელეწიფებათ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ”ქართულ ოცნებას” არ აქვს ალტერნატივა და სამწუხაროდ, ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეიძლება მივანდოთ ქვეყნის მართვა.
”ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა 4 წლის განმავლობაში, რომ შეუძლია დემოკრატიულად მართოს სახელმწიფო. ჩემთან დაკავშირებით აკეთებენ მინიშნებებს, რომ კვირიკაშვილი არავინ არ არის. კვირიკაშვილი არის საოცრად დაბალანსებული და საოცრად ნიჭიერი კაცი. მას შეუძლია გუნდიც სწორად შეარჩიოს. ეს კაცი უყურებს ზნეობას და ზნეობრივ დარღვევებსაც არ გააკეთებს. ეს პარტია ზრუნავს ხალხზე და შეინარჩუნა ის სტანდარტები”, – განაცხადა ივანიშვილმა.