დავით ნარმანია საქართველოში დიოდური სანათების მწარმოებელი კომპანია „მაიჯიპიესის“ პრეზენტაციას დაესწრო

14/09/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში დიოდური სანათების მწარმოებელი კომპანია „მაიჯიპიესის“ პრეზენტაციას დაესწრო. თბილისისა და რეგიონების გარე და არქიტექტურული ლაზერული განათების თემაზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შუქ-დიოდების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების CREE-სა და ARROW EUROPE-ს ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შუქ-დიოდების წარმოების შესაძლებლობაზე, ლედ სანათების ეფექტურობასა და ძველი განათების სისტემასთან შედარებით მის უპირატესობებზე ისაუბრეს. დიოდური სანათების ავტომატიზებული სისტემა უზრუნველყოფს ქალაქის უკეთეს ვიზუალურ, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ განათებას. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც თბილისის გარე განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიას 60%-ით, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯებს 50%-ით შეამცირებს. დიოდების ექსპლუატაციის ვადა კი 10 წლამდე განისაზღვრება.
პილოტი პროექტების ფარგლებში, დიოდური სანათები საცდელი ვადით უკვე დამონტაჟდა კოტე აფხაზის, ლეხ კაჩინსკისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე, ასევე, აეროპორტის შესასვლელთან და ბარათაშვილის ხიდზე.
შეხვედრაზე დავით ნარმანიამ დედაქალაქის ლედ სანათებით განათების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი 100 ათასი სანათის ლედ განათებით ჩანაცვლებას გულისხმობს, რაც ქალაქის განვითარებისა და მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ძირითადი ტექნიკური სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს, მთლიანად გეოინფორმაციულ სისტემაზე დავიტანეთ ქალაქის გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რამდენიმე კერძო კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელდა პილოტი პროექტები, რამაც გვაჩვენა ელექტროენერგიაზე 60%-იანი დანაზოგით უკეთესი განათება. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით უკვე მზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა. განვიხილავთ დაინტერესებული კომპანიების წინადადებებს და შევარჩევთ საუკეთესოს, რათა ქალაქის გარე განათების ქსელი ეტაპობრივად გადავიდეს ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე“ – განაცხადა მერმა.
თბილისის მერი, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართულ კომპანია „მაიჯიპიესთან“ სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს თანამოქალაქეების დასაქმებას, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0