ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

13/09/2016

აქტიურად მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა სოფელ არალში. 200 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე სტანდარტების სკოლას კეთილმოწყობილი კლასები, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, საბუნებისმეტყველო კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები ექნება, სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ ღია სპორტული მოედნითაც. სკოლა ასევე, უზრუნველყოფილი იქნება გათბობის სისტემითა და ახალი სასკოლო ინვენტარით. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სოფელ არალში სასწავლო პროცესი ავარიულ შენობაში მიმდინარეობდა.
დასასრულს უახლოვდება სოფელ ლელოვანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია ორი საბავშვო ჯგუფისათვის, შედგება: ორი სათამაშო, ორი საძინებელი (თითოეული საკუთარი სველი წერტილით), სამზარეულოს, აღმზრდელთა ოთახის, და კარიდორისაგან. პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 114 184 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ სოფელ ლელოვანში და მიმდებარე სოფლებში საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა პირადად მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0