ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იწყება

13/09/2016

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი 2016 წლის “შემოდგომის თბილისის” პირველი კონცერტის რეპეტიაციას დაესწრო .
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 17 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისის მერიისა და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ დაფუძნებული ეს მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება უკვე 24-ჯერ უმასპინძლებს ცნობილ უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს.

ფესტივალის პროგრამა, როგორც ყოველთვის, მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს, სიმფონიურ, საგუნდო, კამერულ და ფოლკლორული მუსიკის კონცერტებს. ასევე წარმოდგენილი იქნება კლასიკური ნაწარმოებების საინტერესო თანამედროვე არანჟირებები. წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან: ამოს ტალმონი (დირიჟორი), ალექსანდრე, დანიელ და მიხაილ გურფინკელები (კლარნეტი) ისრაელიდან, ვილფრედ შტრელე (ალტი), ვოლფრამ ბრანდლი (ვიოლინო) და „ტრიო ბამბერგი“ გერმანიიდან, „იანოშკა ანსამბლი“ ავსტრიიდან, გულდიარ თანრიდაგლის ანსამბლი თურქეთიდან, ალისა რასელი (ვალტორნა), ბენ ჰალსტედი (კორნეტი) და პოლ კოლის-სმიტი (დირიჟორი) ბრიტანეთიდან და ასევე ქართველი შემსრულებლები – ქეთევან ქემოკლიძე, სალომე ჯიქია, ნანა ძიძიგური, თინათინ მამულაშვილი, ვალერიანო გამგებელი, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, კახაბერ შავიძე, გიორგი დავითაძე, ლაშა სესიტაშვილი, გიორგი შავერზაშვილი, ალექსანდრე ვასაძე, მაია ფერაძე, ანსამბლი „გეორგიკა“, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრი. საკონცერტო პროგრამაში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. მისი ჩანაფიქრი იყო დაეარსებინა საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის მანძილზე „შემოდგომის თბილისი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. გარდა ამისა, ფესტივალს უკვე კარგად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ – ბევრი სოლისტი თუ მუსიკალური კოლექტივი იჩენს მასში მონაწილეობის სურვილს.
ყოველწლიურად ფესტივალს მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები სტუმრობენ. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობას.
ფესტივალი ტარდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0