რეგიონებში ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქის ცხოვრების დონეს

13/09/2016

საქართველოს მომავალი არის ძალიან ნათელი, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე და ის წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი გავერთიანდებით ერთიანი, ძალიან საინტერესო განვითარების გეგმების გარშემო, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ილია ნაკაშიძე და მერაბ კარანაძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ საქართველოს აშენებს ხელისუფლება და მის მშენებლობაში თითოეული ადამიანის მონაწილეობა სურს.
პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და მოსახლეობას სამომავლო გეგმები, მათ შორის მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმები გააცნო.
„ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ – აღმავლობის, სწრაფი განვითარების და ჩვენი ქვეყნის, რეალურად თანამედროვე, განვითარებულ ქვეყანად გარდაქმნის. ჩვენ მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში. ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანები გათავისუფლდნენ, ბიზნესი გათავისუფლდა, დღეს არავის აღარ აძალებენ ამ თუ იმ ობიექტის მშენებლობას, არ აძალებენ მათთვის არასასურველი პროექტის განხორციელებას. დღეს წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ თავისუფალია. დღეს არ არის ტელევიზიებზე, მედიაზე ზეწოლა. ისმის ხშირად მთავრობის კრიტიკა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ცუდები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები არიან თავისუფლები, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ უკვე შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაცილებით უფრო სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საუბარია, უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის რეფორმაზე, რათა პედაგოგი უფრო დაფასებული იყოს.
„პედაგოგი უნდა იყოს აუცილებლად ყველაზე დაფასებული ადამიანი, რა თქმა უნდა ექიმებთან ერთად. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გაჭირვების წლებში უზრუნველყვეს ჩვენს ქვეყანაში განათლების უწყვეტობა, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სოფლიდან სოფლად კილომეტრებს გადიოდნენ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად, რომ გაკვეთილი ესწავლებინათ, მაშინ როდესაც, შიოდათ, სწყუროდათ და ჩასაცმელი არ ჰქონდათ. ამიტომ, არ შეიძლება, ჩვენ ამ ადამიანებს მინიმუმ მადლობა არ ვუთხრათ, არ დავუფასოთ და მუდმივად დავაშინოთ გამოცდებით, ტესტირებით და ასე შემდეგ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განმარტებით, ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციასაც მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა დაიწყება, ხოლო, ბათუმიდან აჭარის მთიანეთში მიმავალი გზები იქნება სრულიად თანამედროვე სტანდარტის, რათა აჭარაში განვითარდეს მცირე, საოჯახო ტურიზმი, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება ყველა ოჯახში.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კიდევ უფრო ხალხზე ორიენტირებული გახდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ბიუჯეტირების პროცესში რეგიონები ჩაერთვებიან.
„რეგიონებში ცხოვრების დონე უნდა დავუახლოვოთ ქალაქის ცხოვრების დონეს. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა სოფლად. ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უმნიშვნელოვანესია აჭარისთვისაც და, რა თქმა უნდა, მთიანი რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. უმნიშვნელოვანესია მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია – ორი ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტში მივა ინტერნეტი, ასევე, გაზიფიცირება, წყლით მომარაგება, ირიგაცია, სარწყავი სისტემების განვითარება – ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმის სახით უკვე გვაქვს და ჩვენ ვიწყებთ ამ ძალიან ამბიციური, ძალიან მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებას“, – მიმართა პრემიერმა ხელვაჩაურის მოსახლეობას.

საქართველო გახდება მართლაც თანამედროვე ქვეყანა, სადაც ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.
პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.
„ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მთის კანონს, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, რომ თუნდაც აჭარის მაღალმთიანეთში ითხოვოს მხარდაჭერა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალი 4 წელი, განვითარების გეგმებით გაცილებით საინტერესო და დატვირთული იქნება. როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ფუნდამენტური რეფორმები იგეგმება, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურაში.
„პედაგოგი საქართველოში უნდა იყოს გაცილებით უფრო დაფასებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, როდესაც ბავშვები მთიან რეგიონებში, სოფლიდან სოფლად ფეხით მიდიოდნენ სკოლაში, ჩვენი მასწავლებლები, თავიან მოწაფეებთან ერთად, აი ამ გაჭირვებაში უზრუნველყოფდნენ განათლების უწყვეტობას. არ შეიძლება, მათ ეს არ დავუფასოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავნიშნეთ მაღალმთიან სოფლებში ავტობუსები, რათა ბავშვებმა ფეხით აღარ იარონ სკოლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მომავალი წლიდან, ვზრდით მასწავლებლის ხელფასს და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავსინჯავთ უმაღლესი განათლების პრიორიტეტებს და ჩვენი ახალგაზრდები აღარ ისწავლიან იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც ნაკლებად საჭიროა და შეისწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ფიზიკური რეალობის შემცვლელ პროგრამას უწოდებს მთავრობის მეთაური ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პერიოდში, ყველა მნიშვნელოვანი მაგისტრალი, როგორც ავტობანები, ასევე ტურისტული და რეგიონებთან დამაკავშირებელი გზები დასრულდება.
პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება ბათუმიდან აჭარის მაღალმთიანეთთან დამაკავშირებელი გზაც; ასევე, აქტიურად გაგრძელდება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პროექტები.

ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად სხვა საქართველო, აბსოლუტურად განვითარებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ქვეყანაში თავისუფლება მოიტანა.
„ჩვენ არავის ვაძალებთ ამა თუ იმ პროექტის გაკეთებას და ეს თავისუფლება აუცილებლად მოიტანს ძალიან დიდ შედეგს საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველები, შინაგანად თავისუფალი ხალხი ვართ, ღირსებით აღსავსე ხალხი ვართ და ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოინდომებს, ფეხქვეშ გათელოს ეს ღირსება და თავისუფლება, რომელიც ბრძოლით არის მოპოვებული”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ყველა ოჯახში კეთილდღეობის შეტანას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, ასევე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გაგრძელდება.
„მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ძალიან აქტიური განვითარების ოთხი წელი. მინდა, გითხრათ, რომ ყველა თქვენგანის მოამაგე ვართ – თქვენი დარდის, სიხარულის გულთან ახლოს მიმტანი ვართ. მინდა, მუსლიმებს მივულოცო ბაირამის დღესასწაული რომელიც სულ მალე იქნება. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ოჯახებში სიმშვიდე, ხვავი და ბარაქა“, – მიმართა პრემიერმა შუახევის მოსახლეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0