დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
პრემიერის შეფასებით, დღევანდელი დღე ილია მართლის დაბადების დღეა, ილიას მარადიული სიცოცხლის დასაწყისია და ის უმნიშვნელოვანესია ქართველი ერის ცხოვრებაში.
“დღეს საქართველომ კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი მიიღო და ჩვენი ისტორია ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლის და ვერსწავლის ისტორიაა. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ გაცილებით უფრო დიდი სიმძაფრით და სიმწარით დგება ამ გაკვეთილის მნიშვნელობა. ვაჟა-ფშაველამ თქვა – “ილიას მკვლელებს რომ შეძლებოდათ, საქართველოს მოკლავდნენო”, მაგრამ ვერ მოკლეს. ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც მარადიულია და საქართველოც მარადიულია. ამ სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა, ქართველი ერის განვითარების ვექტორი გაამყარა და ქართველი ერის ზნეობა განამტკიცა. ილიამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მოღვაწეობა, მწერლობა, საზოგადო მოღვაწეობა ხომ ამას ეძღვნებოდა ნამდვილად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ილია ყველაზე კარგად ასახავდა საკუთარ თავში საქართველოს ჰარმონიას ევროპასთან – მის ყველა სიტყვაში არის დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის იდეა.
“საქართველოს დამოუკიდებლობა არავის არ უგრძნობინებია ქართველებისთვის ისე, როგორც ეს ილიამ გააკეთა და ნამდვილად, სიტყვები, რომელიც ილიამ წარმოსთქვა, ყველაზე აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას. საქართველოს წინაშე დღეს საფრთხეებით სავსე გამოწვევებია და ამ გამოწვევების გასამკლავებლად ილიამ მოგვცა ყველაზე კარგი წამალი. ილიამ ბრძანა – “ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუხალისოთ, ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ”… ამაზე დიდი სიტყვები არავის არ უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ამაში დევს საქართველოს განვითარების ვექტორიც, საქართველოს სიძლიერეც და ქართული გენის გადარჩენის ფორმულაც. მე ვერაფერს დავამატებ ამ სიტყვებს. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ღმერთმა ქნას, ამ სიტყვების ღირსი გაგვხადოს; ღმერთმა ქნას, ჩვენი ყველა ნაბიჯი, ჩვენი ყველა ქმედება, ამ სულისკვეთებით ყოფილიყოს ნაკარნახევი. გილოცავთ ილია მართლის დაბადებას”, – მიმართა პრემიერმა საგურამოში შეკრებილ საზოგადოებას.
გიორგი კვირიკაშვილმა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილო ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერა.