საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის კმ15-კმ19-ზე (სოფლები დუისი და ჯოყოლო) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
არსებული გზა აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რადგან ამ სოფლებში არ არსებობს ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები. განხორციელებული სამუშოების შედეგად, გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პროექტის მიხედვით, გზის ის მონაკვეთები, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 4,5 მეტრია, 6 მეტრამდე გაფართოვდება; გზის გასწვრივ ორივე მხარეს, ძირითადად, დასახლებულ მონაკვეთში მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები; დაუსახლებელ ადგილებში მოიჭრება გრუნტის კიუვეტები; ეზოში შესასვლელებთან მიერთებებსა და ორგანიზაციების შესასვლელების ნაწილთან მოეწყობა ფოლადის მილები; შესასვლელები და მიერთებების გარკვეული მონაკვეთები დაიფარება ასფალტ-ბეტონის საფარით; გზის მთლიან მონაკვეთზე, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ფეხითმავალთათვის მოასფალტებული ბილიკი მოეწყობა; გზაზე მოინიშნება სავალი ნაწილი, დამონტაჟდება შუა საგზაო ნიშნები, მიმმართველი ბოძკინტები და ლითონის მრუდეხაზოვანი ძელები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 507 770 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.
დუისი-ჯოყოლოს გზის მშენებლობა დაიწყო
12/09/2016