ძალიან ბევრი მეუბნება, ”ალისტრახოებმა“ თბილი ადგილები იშოვესო

12/09/2016

მეც ძალიან ბევრი მეუბნება, ”ალისტრახოებმა“ თბილი ადგილები იშოვესო, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ უშიშროების სამსახური აძლევდა დავალებებს ”ალისტრახოებს” 2012 წლის არჩევნებზე და დღეს, უშიშროების სამსახურის იგივე წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებებს ზესტაფონში საკადრო დანიშვნებთან დაკავშირებით.

”ასეთი საჯაროა ყველაფერი, თუ რაიონში ყველაფერი ჩანს? ის ინფორმაცია, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები რაიონის ხელმძღვანელობასთან კაბინეტებში არიან, აბსოლუტურად მიუღებელია და ამისთვის არ მოვსულვართ ჩვენ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყენა. თუ ეს მართლა ხდება ზესტაფონში, სამწუხაროა და გარდა კრიტიკულისა, არანაირი პოზიცია არ შეიძლება გამაჩნდეს. ზოგადად გეტყვით უშიშროების სამსახურზე, რომ მას ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, რომელიც არის აბსოლუტურად მოწესრიგებული კაცი, ის აბსოლუტურად სწორი ხელწერით ცდილობს მართოს უშიშროების სამსახური და არ გადააქციოს იმის მსგავსად, რაც ჩვენ ვიხილეთ. თუ რეგიონებში ეს ხდება, ის რეაქციას გააკეთებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გადაჭარბებული ჰგონია ის ინფორმაციები, რაც დღეს ზესტაფონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მიაწოდა და დაინტერესდა, საიდან უნდა იცოდეს ჟურნალისტმა დადასტურებულად, რომ ერთი ადამიანი ნიშნავს ყველა კადრს. რაც შეხება ძველი თანამშრომლების დაბრუნებას, ივანიშვილის განცხადებით, თუ პროფესიონალი დაბრუნდება უწყებაში, ტრაგედია არ არის.

”ერთადერთი გამართლება, რასაც ვიტყოდი ძველი თანამშრომლების დაბრუნებაზე, ეს არის პროფესიონალიზმი. არ იფიქროთ, რომ ყველა უწყება სავსეა პროფესიონალებით და არავინ შეიძლება ძველი მიიყვანო. შესაძლებელია, რომ ცვლილებები მოხდა იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი არ ეყოთ ახალ კადრებს და ასევე მოუწიათ ძველი პროფესიონალების დაბრუნება. თუ მას კანონი არ დაურღვევია თავის დროზე, ეს არ არის ტრაგიკული. თუ პროფესიონალია მაშინ მსახურობდა უშიშროების სამსახურში და დღესაც სჭირდება სახელმწიფოს, უარს ნუ ვეტყვით, მაგრამ კატასტროფაა თუ მიდიან და მიუთითებენ გამგებელს ან გუბერნატორს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0