სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ თემურ მღებრიშვილმა სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით გამართულ შეხვედრაში „სუიციდის პრევენცია საქართველოში – გამოწვევები და მომავალი ნაბიჯები“ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სუიციდის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიაზე იმუშავებს.
სამუშაო სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი სუიციდის პრევენციის პროგრამის, როგორც საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშის, პრეზენტაცია გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, თემურ მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმოამდგენლებს პენიტენციურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის დანერგვაში გაწული დახმარებისათვის.
„სუიციდის პრევენცია დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის. სამწუხაროდ, თვითმკვლელობათა რიცხვი იზრდება. უწყებაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცდა სუიციდის პრევენციის პროგრამა“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამორჩეული როლი აქვს სუიციდის პრევენციის პროგრამის გამოცდილების გაზიარების მხრივ.
„სუიციდის პრევენციაზე მუშაობა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში საქართველოს ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილება და პროგრესი, რომელსაც მან სუიციდის პრევენციის მხრივ მიაღწია. ევროპის საბჭო მოვალშიც განაგრძობს უწყებასთან თანამშრომლობას,“ – აღნიშნა ანა ზეცმა.
შეხვედრა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II“ – ფარგლებში ჩატარდა.