მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას – ლევან დავითაშვილი, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს,
სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის ახალი მინისტრები დღემდე მინისტრის მოადგილის პოზიციებზე მუშაობდნენ.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები საარჩევნო პროცესს უკავშირდება, ვინაიდან მომავალ არჩევნებში, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე საარჩევნო სიით, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია -მაჟორიტარული წესით იყრიან კენჭს.
„ლევან დავითაშვილი 2 წელია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა, ხოლო მანამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ლევანი პროფესიით ეკონომისტია, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. ბატონ ლევანს აქვს არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში მუშაობდა აგრარული დარგის განვითარებისთვის USAID-ის პროექტის ფარგლებში და ასევე, იყო მსოფლიო ბანკის ბიზნეს კონსულტანტი. ლევანთან არის დაკავშირებული ღვინის ექსპორტის კუთხით ბევრი წარმატება უკანასკნელი წლების განმავლობაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ მას წარვადგენ მინისტრის პოსტზე სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დარგია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ილია ელოშვილი 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა. მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ლუქსემბურგისა და ჰოლანდიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
„ილიას ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წამყვან პოზიციებზე მუშაობდა არაერთ კერძო კომპანიაში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში – ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროგრამების ფარგლებში მას მიღებული აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. ილია არის ნამდვილად გამორჩეული ადამიანი. ლევანიც და ილიაც არიან პიროვნული თვისებებით ნამდვილად გამორჩეული ადამიანები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებს და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა, ასევე მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს და ოთარ დანელიას, რომლებიც დღეს საარჩევნო პროცესში ჩაერთნენ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ორივე მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს.
„დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ. პრემიერმა აღნიშნა, რომ დავით კირვალიძეს, მინისტრთა კაბინეტში შესაძლო დაბრუნების თაობაზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დავით კირვალიძე არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოზიცია უკავია – CNFA-ს ბორდის წევრია და ჩაბარებული აქვს კონკრეტული მიმართულებები, რომელთაგან მისი გამოსვლა რთულია.
„რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, მე მას შევთავაზე, სოფლის განვითარების მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიცია და არ არის გამორიცხული, მან თანამშრომლობა გაგვიწიოს და რჩევები მისცეს მთავრობას ამ მიმართულებით. დავითი არის ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანი და ჩვენ აუცილებლად გვექნება პარტნიორობა ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ დღეს მისი მთავრობაში შემოსვლა, მისი დღევანდელი ამოცანებიდან გამომდინარე, არ არის შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მოხვდნენ პარტიულ სიაში წამყვან პოზიციებზე მაჟორიტარობის კანდიდატები, პრემიერმა უპასუხა, რომ მმართველმა გუნდმა მაჟორიტარების სიის ქვედა ეშელონებში ჩასმა გადაწყვიტა, ვინაიდან, დარწმუნებულია მათ გამარჯვებაში და გარდა ამისა, მმართველი გუნდის სურვილია, ამომრჩეველს ბოლომდე ჰქონდეს მოტივაცია, რომ მათ პროპორციული სიით ადგილები დაზღვეული არ აქვთ.
„მეორე ტურის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ აუცილებლად უნდა იაქტიუროს. შესაძლოა, გარკვეულ ოლქებში იყოს მეორე ტურები და გვინდა, ბოლომდე დავუტოვოთ მოტივაცია ჩვენს ამომრჩეველს, რომ აქტიურად მივიდნენ და დაუჭირონ მხარი იმ ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერენ. ახალი სახეებიდან, რომლებიც საგურამოში წარვადგინეთ, ნაწილი – პირველი 11, მოხვდა სიის წამყვან ათეულში, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც ახალ სახეებს შორის გამოვარჩიეთ, როგორც განსაკუთრებული პოტენციალის მქონე მაჟორიტარული ოლქების მიმართულებით, ისინი დასახელებულნი არიან მაჟორიტარებად. ვინაიდან ჩვენ მივიღეთ პრინციპი, რომ მაჟორიტარები არ უნდა ყოფილიყვნენ სიის ათეულში, მათ მოუწიათ ყველა მაჟორიტართან ერთად, ალფავიტის მიხედვით, სიის ქვედა ეშელონებში ყოფნა. ასე რომ არ ყოფილიყო, საგურამოს ახალი წევრები სიის წამყვან ადგილებზე იქნებოდნენ. პოლიტსაბჭომ გაიზიარა ეს პრინციპი, რომ მათ მისცემოდათ ეს ასპარეზი. ეს იყო ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა წარადგინა
09/09/2016