დავით ნარმანია ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

08/09/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. დედაქალაქის მერი სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას შეეხებოდა და აღნიშნული მიმართულებით, თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ქვეყანაში გატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა, რის შემდეგაც საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. “განსაკუთრებით ხაზი გაესვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობას და იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ ამ თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის ახალი ფორმები, ის გამოცდილება, რაც ჩვენ თავის დროზე პოლონეთისგან გვაქვს მიღებული, გვყავდა სპეციალური მრჩეველი რეფორმის პროცესში, ახლა კი უკვე თვითმმართველობის სხვა ეტაპების გატარების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და შესაბამისად, ის გამოცდილება რაც აქ არსებობს და საკითხები, რაზე დაყრდნობითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში,”-განაცხადა დავით ნარმანიამ. მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ კი პანელზე – „საქართველო და აზერბაიჯანი – ფანჯარა ევროპაში. თანამშრომლობის გაძლიერების გზები“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესების განვითარებაზე, სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობასა და მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაგეგმვაზე გაამახვილა ყურადღება. პანელის მონაწილეების თქმით, ქვეყნები წარმოადგენენ ერთგვარ პორტალს ევროპასა და აზიას შორის და ეს პოტენციალი შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული. კრინიცაში გამართულ 26-ე ეკონომიკურ ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-მდე სტუმარი ესწრებოდა. 3 დღის განმავლობაში მონაწილეები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. ფორუმის პროგრამა სხვადასხვა პანელისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც დებატებსა და პრეზენტაციებს, ასევე, თემატურ ბლოკებს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმს კრინიცა-ზდრუიში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიას ვიზიტი პოლონეთში ამით დასრულებულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0